logo
ENG



კალაძემ აგვისტოს ომის "პირველ დამნაშავედ" ნაციონალური მოძრაობა დაასახელა და არა - რუსეთი

16 სექ 202412:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/y676vbe4lzi8dgx.jpg

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის "პირველ დამნაშავედ" მაშინდელი ხელისუფლება დაასახელა და არა - რუსეთი. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ვინ არის 2008 წლის ომში დამნაშავე.

"პირველი დამნაშავე, პირველ რიგში ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი და თავისი ბანდის წევრები", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტებმა მას დაახლოებით 10-ჯერ დაუსვეს კითხვა, 2008 წლის ომში ვინ დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართველი ჯარისკაცები, თუმცა, კალაძემ კითხვას არ უპასუხა.

კითხვების არიდების პარალელურად კალაძემ ოცნების რიტორიკა გაიმეორა და ომში ისევ ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობასა და მათი გასამართლების აუცილებლობაზე ისაურა.

"საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც იმოქმედა მოღალატეობრივად, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელმაც დაღუპა ქვეყანა, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის ის მოღალატეობრივი ქმედებების ბრალი, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ამას სჭირდება გამოძიება და სჭირდება პასუხები. უნდა გასამართლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა", - თქვა კალაძემ.


close დახურვა